Category: News


სტუდია ”ქროუ პიქჩერზს” დაგეგმილი აქვს კლიპის გადაღება ”იმორტალ დრანკარდსის” ახალ სიმღერაზე – გელინო. კლიპისთვის გვჭირდება 3 (სამი) გოგო, სასიამოვნო გარეგნობის და მცირედი არტისტული ნიჭით. სასურველია შეეძლოთ ცეკვა. მსურველები გამოგვეხმაურეთ კომენტარებში. გადაღება იქნება შემდეგ პარასკევს ან შაბათს, ან ორივე დღეს, საღამოს საათებში, ასე რომ დროის ამბავშიც გაითვალისწინეთ.

სიმღერის მოსმენა შეგიძლიათ ქვემოთ:

გუშინ მე და მროველა განვიხილავდით მიმდინარე პერიპეტიებს და უეცრად შემომაწვა საოცარი სურვილი რამის შექმნისა. ავიღე ჩვენი ძველი შტატივი, რამოდენიმე რაღაც დავამატე და მივიღეთ სრულიად ახალი, ამჯერად უკვე შესანიშნავად მომუშავე, კამერის სტაბილიზატორი, რომლითაც სატესტო ვიდეოც გადავიღეთ.

ოდნავ მოგვიანებით გადავიღებ და დავდებ პატარა და მოსახერხებელ ტუტორიალს, როგორ უნდა აიწყოს მსგავსი სტაბილიზატორი ჩვენს ხელთ არსებული არასპეციფიური საშუალებებით. მანამდე კი იხილეთ სატესტო ვიდეო:

Vimeo:

link: http://vimeo.com/5397567

და მაინც Youtube-ზეც:

Steadycam

ვაშა მშრომელებს…

ამ ცოტაოდენი ხნის წინ ვიმეოზე ვუყურებდი რაღაც ლამაზ და მშვენიერ ტუტორიალს, როგორ უნდა გავაკეთოთ სახლის პირობებში ე.წ. ”Steadycam”-ი. სტედიკამი წარმოადგენს რაღაც პატარა მოწყობილობას, რომელიც  გავს შტატივს და ასრულებს კამერის საპირწონეს ფუნქციას. გამოიყენება მოძრავი, ”ხელით” გადაღებისათვის, როდესაც კამერა არ არის შტატივზე დამაგრებული და წარმოადგენს ოპერატორის ”პირველი პირიდან” დანახულს. ვისაც გიცდიათ მსგავსი გადაღება კამერით, აუცილებლად დადგებოდით იმ პრობლემის წინაშე, რომ კამერა ხტუნავს, კადრი ცახცახებს და საბოლოოდ არაფერი კარგი აქედან არ გამოდის.

სწორედ ამისთვის მოიგონეს კამერის სტაბილიზატორი, რომელიც ერთდროულად ამძიმებს კამერას და თავისებურად წარმოადგენს ქანქარას, რომლის ერთ ბოლოში არის კამერა, მეორეში კი რაიმე სიმძიმე, რომელიც არ აძლევს კამერას და შესაბამისად კადრს იმის საშუალებას, რომ იფართხალოს და ყველაფერი გააფუჭოს.

ჰოდა იმას ვამბობდი, რომ ტუტორიალს ვუყურებდითქო ამ ყველაფერზე, დიდ სირთულეს არ წარმოადგენს სტაბილიზატორის დამზადება, მაგრამ ერთმა მომენტმა დამაფიქრა – ბოლოში კამერის დასამაგრებელმა ვინტმა. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა გამახსენდა, რომ სადღაც ძველი და ცალფეხმოტეხილი ფოტოშტატივი მეგდო, რომელსაც ზუსტად ასეთი ვინტი აქვს თავში. გამოვაძრე, მივამაგრე კამერას და ოპა – ყოველგვარი წვალების გარეშე, ლამაზი და კოხტა სტაბილიზატორი შემრჩა ხელში, რომელსაც მართალია ცოტა გადაკეთება და დამუშავება უნდა, მაგრამ ნოლიდან აწყობას ჯობია.

ასე რომ, ესეც პატარა აპდეიტი გამოდის,  ტექნიკის ამბავში. მაშასადამე ახალი ხარდი – ახალი ვიდეოები, უკეთესად გადაღებული. ვაშა…

vLog – ახალი ქუდი

ბევრი ვიშრომე თუ ცოტა (ღამის შრომა ორმაგად ანაზღაურებადიაო თან), შევქმენი ახალი ქუდი ვიდეოებისთვის, ძველი ცოტა არ იყოს გაცვდა და… გრაფიკული იდეა იგივეა თითქმის, ფონტია შეცვლილი, ეფექტი და რაღა თქმა უნდა საუნდტრეკი (ორიგინალი). ქუდი სიგრძეში იმხელაა, ქუდს რომ შეეფერება, 6 წამი ანუ, რაც სავსებით მოთმენადია ნებისმიერი ვიდეოს დასაწყისში.

შეგახსენებთ ან სულაც მოგახსენებთ, რომ ეს პოსტი განეკუთვნება კატეგორიას ”ვიდეო ბლოგი”, თავად ვიდეო ბლოგის ნახვა რომ vimeo.com/CrowPictures -ზე შეგიძლიათ, მაგას მგონი აღარც უნდა შეხსენება, მაგრამ მაინც, განმეორება ცოდნის დედააო. და აქვე ვიდეოვერსია ამ ყველაფრის:

ვიმეო:

link: http://vimeo.com/3152050

და აქვე სარეზერვო ვარიანტად YouTube:

link: http://www.youtube.com/watch?v=-DJyNAQuafM

vLog – ვიდეო ბლოგი

არა ზოგადად ვიდეო ბლოგი, არამედ ”ქრაუ პიქჩერზის” ოფიციალური (შეიძლება ასეც ითქვას) ვიდეო ბლოგი. დიახ, ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა, მივედით იმ აზრამდე, რომ ვიდეობლოგი მართლაც საჭიროა, სადაც პირდაპირ და თვალნათლივ იქნება ნაჩვენები ჩვენი შიდა სამზარეულო, რას ვაკეთებთ და როგორ.

არჩევანი ვიმეოზე შეჩერდა. ეს საიტი პირდაპირ შექმნილია იმისთვის, რომ ვიდეობლოგი გააკეთო, თანაც უახლოეს მომავალში ამ ფუნქციის გაუმჯობესებას და გალამაზებას აპირებენ, ასე რომ ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ დღეს დაიწყო ვლოგი ოფიციალურად.

იმისათვის, რომ ამ ვიდეო ბლოგზე (ვლოგზე) მოხვდეთ, უნდა გაყვეთ ამ ლინკს – Crow Pictures vLog და ამავე დროს ზეპირადაც დაიმახსოვროთ მისამართი, რომელიც მაქსიმალურად მარტივია – Vimeo.com/CrowPictures. პირდაპირ წერია სად და რა. იქვე შეგიძლიათ გამოიწეროთ განახლებები, თუ რაღა თქმა უნდა დარეგისტრირებული ხართ ვიმეოზე, თუ არა და არც ეგაა დიდად საწვალებელი პროცედურა.

თუმცა ამ ყველაფერთან ერთად პატარა საფიქრალიც გაგვიჩნდა, როგორ გავანაწილოთ ფუნქციები? ყველა ვიდეო, რაც დაიდება აქ (რელიზები, ტრეილერები და ა.შ., ანუ პროდუქცია) დავდოთ იქაც, პირიქით ვქნათ თუ ორივე ერთად? ამ საკითხზე მოგვიწევს ცოტა დაფიქრება და თუ თქვენც წაგვეხმარებოდით, ურიგო არ იქნებოდა. თუმცა კი, ყოველი შემთხვევისთვის, აქაც დაემატა კატეგორია ”vLog”. მანამდე კი ვლოგის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს წარმოგიდგენთ:

თავად ვიდეო - http://vimeo.com/3118054

და არ დაგავიწყდეთ ეს მისამართი და “Subscribe” ღილაკზე თითის დაჭერა – Vimeo.com/CrowPictures.

პროფილები

ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა ვიფიქრე, მომივიდა ასეთი შესანიშნავი იდეა, რომ საიტს, ბლოგს ან რაც გინდათ ის უწოდეთ-ს უნდა დაემატოს განყოფილება ”პროფილები”, სადაც იქნება ”ქრაუ პიქჩერზის” სტაფის პროფილები, ვინ არიან, რას აკეთებენ, რა როლი აქვთ ამ ყველაფერში და რაც მთავარია – იქვე იქნება პატარა ვიდეოპროფილიც მათთვის, ვისაც კითხვა ეზარება და საერთოდ, ვისაც ვიდეოს ყურება უყვარს :)

მოკლედ, ელოდეთ სიახლეებს. ყველა სიახლე, რა თქმა უნდა, დაიწერება აქვე. იმისათვის, რომ განახლება ავტომატურად მოგივიდეთ, გამოიწერეთ ბლოგის RSS არხი,  ან უბრალოდ ჩაამატეთ ბლოგი ფავორიტებში (Ctrl + D) და  შემოდით ხოლმე რეგულარულად.

ასე რომ, ელოდეთ სიახლეებს.

Header Image

ესეც ჩვენი ლამაზი და კოხტა ჰედერი… იყოს უბრალოდ, არავის ხელს არ შეუშლის, მოალამაზებს აქაურობას…

საით მივდივართ…

აჰა… საით ავიღოთ მიმართულება, რას მივაწვეთ, ეს არის ასე თუ ისე საპასუხო შეკითხვა, რის გარეშეც არ გამოვა არაფერი.

ანიმაცია კარგი რამეა, რთულია მართალია, მაგრამ საბოლოო შედეგი ასწორებს, ამ მხრივ რაღაც ძვრები არის, სცენარებიც დაწერილია და მხოლოდ და მხოლოდ დაჯდომა (ან უფრო დასხდომა) უნდა, რომ ხორცი რა იყო და კადრი შეესხას. სიზარმაცე, გამართლებული მოუცლელობით…

საწყისი იდეაც კარგია, კინომატოგრაფია, შესანიშნავი რამეების გაკეთება შეიძლება კამერის ტრიალით და გავაკეთებთ კიდეც, კლიპს მივიყვანთ ბოლომდე და ორიოდ ჰორორ სცენარსაც გავაცოცხლებთ. აქაც იგივე რამე გვიშლის ხელს – სიზარმაცე, გამართლებული მოუცლელობით…

მოკლედ ასეთი სიტუაციაა, ტრაკის განძრევაა საჭირო და მერე გაირკვევა, საით მივდივართ…

მაშასადამე სტუდიაში ცვლილებებია. სტუდია დატოვა და მეზობელ დაჯგუფებას შეეხიზნა დონის მსახიობი, კაცი ზომბი და კაცი ავადმყოფური აზროვნება, თვით გეგა, გარდა მსახიობურ ტალანტისა, გეგა სპეცეფექტების შესანიშნავი ოსტატია, ასე რომ მეზობელ დაჯგუფებას შეუძლია დილა-საღამოს სანთლები გვინთოს ასეთი კაცი რომ იშოვნეს :|
გეგას წასვლას გარდა უარყოფითისა, დადებითი მხარეებიც აქვს. დღეიდან სტუდია უფრო შეიკრა და უახლოეს მომავალში სტუდიის რეზიდენტ წევრად ალბათ არავის მივიღებთ.

მაშასადამე, crowpictures-ის სტაფი დღევანდელი მდგომარეობით:

ყვავა სტუდიის სული და გული, მთავარი ინტელექტუალური რესურსი, რეჟისორი და პროდიუსერი

მროველი სტუდიის ახალი შენაძენი. მისი მთავარი საქმე პროფესიული სცენარების წერა, მედია მენეჯმენტი, ტვინის ბურღვა და სიგარეტის მოწევაა

კაქტუსა კიდევ ერთი ინტელექტუალური რესურსი + კომპიუტერული გრაფიკა და სპეცეფექტები

ეს ცოცხალი ძალა, რაც შეეხება ტექნიკურ საშუალებებს. ჩვენი სტუდიის განაკრგულებაშია Samsung-ის ვიდეო კამერა (ზუსტი მოდელი არ მახსოვს :| ) შტატივი, ანიმაციური სტუდია (დაწვრილებით ქვედა პოსტში) ორი მეტნაკლებად ძლიერი კომპიუტერი, ასევე სცენარისტის განკარგულებაშია პროფესიული სცენარების საწერი პროგრამა, რომელიც მწარმოებლის საიტზე 300 მწვანე ღირს, ვარეზებზე კი არ იშოვნება ;)

ანიმაციის სტუდია

სიახლე მაქვს ე.ი. გადასარევი, ნუ ჩემთვის მაინც გადასარევი… როგორც იტყვიან Насматрелся სხვადასხვა იდიოტურ ანიმაციებზე, საუთ პარკის და რობოტ ჩიქენის სტილის, სადაც არაკომპიუტერზე ხდება ანიმაცია, ჰოოდა უცებ გამახსენდა ერთი შესანიშნავი მოწყობილობის არსებობის შესახებ, რომელიც გარდერობის თავზე მიდევს აგერ უკვე რამდენი ხანია და მტვერი ედება.

ესაა შტატივი, ოღონდ უბრალოდ შტატივი არა, მაკროშტატივი, განკუთვნილი ფოტოგადაღებებისთვის. ამ შტატივს მე ისტორიამდელ პერიოდში ვიყენებდი რაღაც-რაღაც ფოტოგადაღებებისთვის, მაგრამ ახლა მისი დატუნინგება… ჰმ, კაი აზრია…

”…და მუნ ჰქმნა ყვავამ ნათელი…”, ანუ შტატივს მივამაგრე განათება, მივამაგრე პაწაწკუნტელა და მონიტორის თავზე ტყუილად მყოფი ვებკამერა და ვოალა! ანიმაციის მინი სტუდია მზადაა!

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, სურათებით დატკბით:

ეს საერთო ხედი, ეს კი ახლოდან:

ჰო, სურათები პატარებადაა ჩასმული, დააჭირეთ და გაიზრდება.

პირველ პროდუქციას მალევე შემოგთავაზებთ… :-)))

Follow

Get every new post delivered to your Inbox.